ჩვენი ქვეყანა ბევრი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენტური კადრების ნაკლებობაა. აშკარად იგრძნობა არაკვალიფიციური ადამიანების სიჭარბე ყველა სფეროში.

 

საერთო გაჭირვება აიძულებს ადამიანებს ნებისმიერ პროფესიას მოკიდონ ხელი, ოღონდ კი ჰქონდეთ შემოსავალი. რამოდენიმე თვის უკან ერთმა ქალბატონმა ნაღვლიანად მითხრა - "რა ვქნა შვილო, სამსახური დავკარგე და სხვა რა გზა მქონდა,  ჭადრაკის მწვრთნელობა დავიწყეო". სამოც წელს მიტანებულმა ქალბატონმა მხოლოდ ჭადრაკის სვლები იცოდა და მინიმალური საჭადრაკო განათლებაც არ ჰქონდა. ძნელი წარმოსადგენი არაა მისი ჩატარებული გაკვეთილები. 


არაკვალიფიციური ადამიანები იშვიათად თუ ქმნიან რაიმე ფასეულ პროდუქციას, თუმცა ბევრ მათგანს კარგად ეხერხება "საქმიანის" შთაბეჭდილების შექმნა. საკმაოდ ხშირად მათ ძლევამოსილი მფარველებიც აღმოაჩნებათ ხოლმე ან კიდევ მათ არ ეხებიან სოციალური მომენტების გათვალისწინებით. 

 

თავიანთ პოზიციებს ჩაჭიდებული არაპროფესიონალი მენეჯერები, ექიმები, ხელოსნები, მწვრთნელები და ა.შ ხშირ შემთხვევაში დიდი თავის ტკივილის წყარო ხდებიან და სხვადასხვა სფეროების განვითარების აშკარა მუხრუჭს წარმოადგენენ.  


არაკვალიფიციური კადრების მთავარი საქმე ჭორაობაა. ისინი ჭორაობაში ქმნიან ახალ რეალობას. იმდენი ტყუილი ტრიალებს საზოგადოებაში, რომ უკვე კარგის და ცუდის გარჩევა ძალიან გაძნელებულია. ეს სამწუხარო რეალობაა. 

 

გვიხარია ხოლმე, თუ დიდი ძებნის შემდეგ გაგვიმართლებს და მივაგნებთ კარგ ექიმს. საბედნიეროდ რამოდენიმე კვალიფიციური სპეციალისტი ყველა სფეროში მოიძებნება. 

 

დავუბრუნდეთ ჭადრაკს. ჩვენი ვებ-გვერდის დანიშნულებაა, რომ მოგაწოდოთ მაქსიმალურად გაფილტრული და ობიექტური ინფორმაცია საჭადრაკო ღონისძიებების სტანდარტებზე, ჭადრაკის მწვრთნელებზე და მწვრთნელობაზე, წარმატებულ ბავშვებზე,  იმისათვის რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ყოველთვის მოითხოვოთ მხოლოდ მაღალი სტანდარტები და ამოარჩიოთ საუკეთესო პედაგოგები.

 

იყავით კომპეტენტური და ემსახურეთ საქართველოს!

 

აკაკი იაშვილი

ძებნა

© 2017 ყველა უფლება დაცულია