17-19 თებერვალს "ჭადრაკის დედოფლის" აკადემიაში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მსაჯთა კომისიის და "ჭადრაკის დედოფლის" აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა ეროვნულ მსაჯთა სემინარი. განხილული იყო შემდეგი თემები: ჭადრაკის თამაშის წესები -  საწყისი პოზიცია, ფიგურების მოძრაობა, შეხება და ხელის გაშვება; ასევე, ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი როქთან და პაიკის გაყვანასთან დაკავშირებით. სატურნირო წესები, საჭადრაკო საათი და მისი გამოყენება; გაკეთებული და დასრულებული სვლის ცნება.  

განხილული იყო სხვადასხვა ტიპის დარღვევები: შეუძლებელი სვლა, შეუძლებელი პოზიცია, ფიგურების „გადანაცვლება“, არასწორი საწყისი პოზიციით დაწყებული პარტია, დაფის არასწორი ორიენტაციისა და შებრუნებული ფერებით დაწყებული თამაში, მსაჯის მოქმედება და შესაბამისი სანქციები აღნიშნულ შემთხვევებში.  განსაზღვრულ იქნა კლასიკური, სწრაფი და ელვისებური ჭადრაკის სატურნირო წესები, მსგავსებები და განსხვავებები მათ შორის.  ლექციაზე მოყვანილ იქნა რამოდენიმე საინტერესო მაგალითი და ინციდენტი რეალური ტურნირებიდან.

პრეზენტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ყაიმი და მასთან დაკავშირებული წესები: ურთიერთშეთანხმება, „მკვდარი ყაიმი“, ერთი და იგივე პოზიციის სამჯერადი და  ხუთჯერადი განმეორების წესი, 50 დასრულებული სვლის წესი, 75 დასრულებული სვლის წესი. ამ წესებში გათვალისწინებული იყო ყაიმის სწორი მოთხოვნა და შესაბამისად, მსაჯის სწორი მოქმედება და გადაწყვეტილების მიღება თითოეული შემთხვევისთვის. განმარტებულ იქნა „იდენტური პოზიციის“ ცნება.

სემინარმა მოიცვა ისეთი საკითხებიც, როგორებიცაა მოჭადრაკეების სატურნირო ქცევის წესები, მსაჯის როლი საჭადრაკო ტურნირებში და იმ სანქციების ჩამონათვალი, რომლითაც შეუძლია იხელმძღვანელოს მსაჯმა მოთამაშეების მიუღებელი ქცევების დროს. განხილულ იქნა ე.წ. „ანტიჩითინგის“ ზოგიერთი ასპექტი.

მსმენელებმა შეისწავლეს სხვადასხვა სატურნირო სისტემები და შესაბამისი თაი-ბრეიქების გამოთვლის პრინციპები. ასევე, გაეცნენ ფიდეს მიერ ლიცენზირებული პროგრამის -  “swiss-manager”-ის ზოგიერთ ფუნქციას.

სემინარის დასრულების შემდეგ, მსმენელებმა წარმატებით ჩააბარეს წერილობითი გამოცდა და ეროვნული არბიტრის წოდება მიენიჭათ ნატო ეძგვერაძეს, დიანა დარჩიას, ანა კუჭავას, დიმიტრი კვარაცხელიას.

სემინარს უძღვებოდა საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ლალი ბიბილაშვილი.

უკან
ძებნა

გამოკითხვა
მწვრთნელთა წახალისების სისტემა
მომწონს
არ მომწონს
უკეთესი შეიძლებოდა
 
© 2020 ყველა უფლება დაცულია